ტურისტად საბერძნეთში vol2

წინა პოსტში  საბერძნეთში ტურისტად მოგზაურობის მსურველებს იმაზე გიყვებოდით, თუ როგორ მოვემზადოთ გასამგზავრებლად: ვიზის აღების პროცედურებზე და ა.შ. ამ პოსტში კი ჩემი შთაბეჭდილებები მინდა გაგაცნოთ.

საბერძნეთში ტიპიური (ვიცი, რომ “ტიპური” არის სწორი ფორმა 🙂 ასე უფრო მომწონს, უბრალოდ) ხმელთაშუაზღვური კლიმატია: საშინლად ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ამიტომ, საუკეთესო პერიოდი მოგზაურობისთვის გაზაფხული და შემოდგომაა. კერძოდ, მაისი, სექტემბერი და ოქტომბერი. მე სექტემბერში მომიწია მოგზაურობა და მინდა გითხრათ, რომ საოცარი ამინდები იყო, იდეალური, ათენშიც, კუნძულებზეც, ჩრდილოეთ და სამხრეთ საბერძნეთშიც.

1ფრენა ავიაკომპანია პეგასუსით მქონდა და სტამბულიდან ათენში დღის საათებში იყო ჩემი რეისი.შესაბამისად, არ მომკლებია არაჩვეულებრივი ხედები ^_^ პირველი შთაბეჭდილებებიც აქედან დაიწყო: კამკამა, ლურჯი ზღვა, თვითმფრინავიდანაც კი რომ ჩანდა ფსკერი და პატარა, გაბნეული კუნძულები ^_^

2თავად ათენი დიდი ვერაფერი. არ გამოირჩევა ლამაზი არქიტექტურით. ერთად და უწესრიგოდ მიხროვილი პატარა, თეთრი შენობების გროვაა. 😀 რამდენიმე სავალდებულო ტურისტული ადგილია, რომელიც უნდა მოინახულოთ, განსაკუთრებით კი აკროპოლისი და აკროპოლისის მუზეუმი! მე ძალიან მომეწონა, ასევე,
ჰეროდიონის ამფითეატრი. საოცარი ექო/ხმა აქვს. 3

ათენთან ძალიან ახლოს არის მარათონა. პატარა სოფელია, სადაც მოხდა ის ლეგენდარული ამბები: ბრძოლა ბერძნებსა და სპარსელებს შორის, რომელიც გამარჯვებით დასრულდა და ლეგენდის თანახმად, შეტაკების შემდეგ ბრძოლის ველიდან ათენელი მაცნე ფეიდიპიდესი გაიქცა ათენში და სიკვდილის ფასად ამცნო ხალხს ბერძნების გამარჯვება. მან 42 კილომეტრი გაირბინა, რაც შემდეგ გახდა ოლიმპიური მარათონის დაარსების მიზეზი 🙂 სოფელში 2 მუზეუმია: სპორტული მარათონის და ისტორიული. ორივეს მონახულება არ დაგეზაროთ 😉 საინტერესოა და თან საკმაოდ იაფი.

ათენისა და მარათონის შემდეგ დეიდასთან წავედი სტუმრად სამხრეთისკენ. სიმართლე გითხრათ ქალაქებზე მეტად სოფლები უფრო მომეწონა. პატარა, ლამაზი სახლები. აუცილებლად ძალიან მოვლილი ეზო, გამწვანება, ულამაზესი ყვავილები და რაც მთავარია: ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს იყენებენ. მზის და ქარის ბატარეებს ვგულისხმობ. სახლების უმეტესობას სახურავზე აქვს დამაგრებული მზის ბატარეები. ან ცალკე არსებული კომპანიებისგან ყიდულობენ ასე გამომუშავებულ ენერგიას 🙂 მანქანით მოგზაურობისას ბევრგან წააწყდებით მინდორზე განლაგებულ მზის ან ქარის ბატარეებს.

ათენთან დაახლოებით 1 საათის სავალზეა კორინთო – ჩვ.წ-მდე VI-V საუკუნის ქალაქ-სახელმწიფო.
მთაზეა განლაგებული და არც ისე მარტივი ასასვლელია. საგიეროდ, ულამაზესი ხედი და საინტერესო ექსკურსია ისტორიაში, გარანტირებულია.

DCIM101GOPRO

როგორც საქართველოდან არ უნდა წახვიდე მთების მონახულების გარეშე, ისე არ უნდა გამოტოვოთ საბერძნეთის კუნძულები! არავითარ შემთხვევაში! ძალიან ბევრი პატარა კუნძულია საბერძნეთის შემადგენლობაში, მაგრამ 1 მაინც მოინახულეთ. მე სანტორინი მერგო ^_^

Santorini3კუნძულებზე თითქმის ყველა სახლი თეთრია, ლურჯი სახურავებით. ზღვა ულურჯესი და კამკამა. ქვიშა (შავი ან ყვითელი). სითბო და სიმშვიდე 😛 კუნძულებზე მოსახვედრად ნუ ეძგერებით თვითმფრინავს. თქვენი მოგზაურობა ბევრად საინტერესო იქნება, თუ ტრანსპორტად გემს აირჩევთ. მართალია, ბევრად მეტ დროს დაკარგავთ, მაგრამ ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდებით, ზღვით დატკბებით, ფულსაც დაზოგავთ. სასტუმროს წინასწარ ნუ დაჯავშნით, ადგილზე ბევრად იაფად იშოვნით 😀 დაახლოებით იგივე სიტუაცია დაგხვდებათ კუნძულზე, როგორც ჩვენთან ქობულეთში რომ მატარებელი ჩამოდგება და “ბინას ხომ არ ეძებთ” გეხვევიან გამქირავებლები. განსხვავება ისაა, რომ საბერძნეთის კუნძულებზე ბინების და გესთჰაუსების ნაცვლად, სასტუმროს ნომრები ქირავდება 7

რამდენიმე აღმოჩენა:

  1. სანტორინის სინამდვილეში “სანდორინი” ჰქვია
  2. ის, რასაც საქართველოში ყველ ფეტად გვასაღებენ, ნამდვილ ფეტასთან ახლოსაც არაა
  3. ბერძნულ სალათში კიტრის, პამიდვრის, ფეტას გარდა კიდევ ბევრი რამე შედის
  4. ბერძნული სამზარეულო არაა ჩემისთანებისთვის: ანუ მათთვის, ვისაც თევზი და ზეთისხილი არ უყვარს.
  5. ყველაფერს ზეითუნის ზეთის გემო აქვს. მგონი, ყავასაც კი 😀
  6. არსებობს გზის გადასახადი და ტრასაზე რომ მიდიხარ, გარკვეულ მონაკვეთებზე დგას საბაჟოები, იხდი ფულს და ისე გატარებენ 😀
  7. ბერძნები ძალიან ზარმაცები არიან.

ჩემი შემდეგი გაჩერების წერტილები იყო ოლიმპია და მეტეორა. ოლიმპია – რელიგიურ-კულტურული ცენტრი და ოლიმპიური თამაშების ჩატარების ადგილია. ოლიმპიას მუზეუმში ფოტოების გადაღებაზე უცნაური შეზღუდვა აქვთ: ფოტოს გადაღება დასაშვებია, მაგრამ შენ არ უნდა ჩანდე 😀 ღმერთებს პატივს ვცემთო, გამომიცხადეს, როცა ქალღმერთ ნიკეას ქანდაკებასთან სელფის გადაღება მოვინდომე 😀

8

 

 

ოლიმპიაში ბევრი საინტერესო ექსპონატი ინახება. ზოგადად, მთელი საბერძნეთი ერთი დიდი მუზეუმია მისთვის, ვისაც მითოლოგია და მსგავსი თემები უყვარს. ყველა ფეხის ნაბიჯზე რაღაც თიხის ნამტვრები გდია, ასეთი შეგრძნება გექნებათ :)) ისე, უნდა აღვნიშნო, რომ ბერძნები ჩვენნნაირი და უფრო მეტადაც კი ზარმაცები და გაზულუქებულები არიან. ამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გამოყენება ბევრად უკეთ შეიძლებოდა. მათმა ახლანდელმა პრემიერმა კი ისიც კი გამოაცხადა, “ოლ ინკლუზივები” უნდა ავკრძალოთო. რა სისულელეა? ეს ხომ ტურისტების რაოდენობას შეამცირებს? ნუ, სადღაც შორს წავედი. სხვა დროს ვიმსჯელოთ ამაზე 😀

ბერძნების სიზარმაცეზე ვსაუბრობდი და არ შემიძლია არ მოგიყვეთ: ჩვენ მიჩვეულები ვართ 24 საათიან მაღაზიებს, დილის რვიდან საღამოს 10-მდე მომუშავე მაღაზიებს და ა.შ. უკმაყოფილეობი ვართ, როცა კვირის რომელიმე დღეს მაღაზია ისვენებს. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც გავიგე, რომ დღის 2-დან საღამოს 6-მდე ყველა დაწესებულება, მაღაზია და ა.შ. იკეტებოდა O.o დაახლოებით სიესტას მაგვარი რაღაც აქვთ 😀 დასვენება და ძილი სჭირდებათ ლანჩის მერე 😀 ჰოდა, შუადღისას ქალაქში რომ გაიაროთ, ასეთი სიტუაცია დაგხვდებათ:

ზოგი საერთოდ 2-მდე მუშაობს 😀 ლანჩის დროს იკეტებიან და გიკიდებენ ფეხებზე :დ კარგია, მეც მინდა მასეთი სამუშაო გრაფიკი. დილიდან 2-მდე რომ ვმუშაობდე 😀

ასე იყო თუ ისე, ჩემი ბოლო გაჩერების წერტილი გახდა მეტეორა.

11005524_669722659824361_892541580_n

მეტეორა ერთ-ერთი უდიდესი სამონასტრო კომპლექსია საბერძნეთში. კაცხის სვეტი იცით? ზუსტად იგივე პრინციპით უზარმაზარი სვეტების თავზე მთელი მონასტრებია დაშენებული. ნუ, იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან 1 პატარა ეკლესიაა სვეტის თავზე და იქ კი მთელი უზარმააზრი მონასტრები. ძალიან ლამაზი გარემოა. მშვიდი. ნამდვილად ღირს იმ უზარმაზარი გზის გავლა, რაც გავაირე. + ამას, გზაშიც ბევრი ლამაზი ქალაქი დავათვალიერეთ. მაგალითად, იანინა.

ოლიმპია იმდენად ლამაზია, მასზე ცალკე პოსტი შემიძლია დავწერო, მაგრამ მოკლედ მოვჭრი: აუცილებლად ესტუმრეთ. თუ ცოცვა/ ბოლდერინგი გიტაცებთ, მით უმეტეს, თქვენთვის სამოთხე ყოფილა :))

 

ასეთი იყო ჩემი 2 კვირიანი მოგზაურობა საბერძნეთში. შემდეგ ჯერზე ეგვიპტეს ვგეგმავ. ვნახოთ, რამდენი დრო დარჩა შემდეგ ჩასუნთქვამდე…

 

6 thoughts on “ტურისტად საბერძნეთში vol2

  1. […] პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა ჩემს პირად ბლოგზე. თუმცა მასში მოცემული საინტერესო […]

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.