6822939-wind-wallpaper

სუნებზე

ადამიანებს, შემთხვევებს და ადგილებს სუნებით ვიმახსოვრებ. მერე თვალებდახუჭულსაც შემიძლია მივაგნო და გავიხსენო ის კონკრეტული დღე ან პიროვნება.
მაგალითად, დედაჩემს ოდნავ მოტკბო, ვანილის სუნი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვანილი არ უყვარს და არასდროს იყენებს ცხობის დროსაც კი, ჩემთვის დედას ვანილის სუნი აქვს.

ტალინი ჩემთვის ახლადმოჭრილი ბალახის სუნთან ასოცირდება. პრინციპში, ლოგიკურია, ლამის ყოველ მეორე დღეს კრეჭენ ბალახს. შესაბამისად ქალაქში გადაადგილებისას ალაგ-ალაგ აუცილებლად შეგეფეთება ეს ბედნიერი და ფრეშ სურნელი. მეც ნესტოებს სიამოვნებით ვბერავ და ხარბად ვისუნთქავ. ძალიან მიყვარს.

tumblr_mctiobcp491qeoetoo4_250ჰერმიონასი არ იყოს, ამორტენსიას ჩემთვის ახლადმოჭრილი ბალახის და ახალი წიგნების სუნი ექნებოდა. მესამე ალბათ მზის სუნია. სახეს რომ მიუშვერ, გაგითბება და ამ დროს თმაზე აგდის, აი ეგ სუნი. ან მზეზე დატოვებულ თივის ნახევრად გამხმარ ზვინს რომ ასდის, ის სუნი.

საკვებსაც სუნით ვაფასებ. ალბათ უცნაური დასანახია, როგორ ვსუნავ კაფეტერიაში საჭმელს, რადგან სწორედ სუნით ვაფასებ ხოლმე, რამდენად მომეწონება ესა თუ ის კერძი. ასეთ დროს, ვცდილობ შემუჩნეველი დავრჩე😀 უხერხულია მაინც.

სუნამოების მაღაზიები არ მიყვარს. იმდენი სუნია ერთმანეთში არეული, რომ თავი მტკივდება და ცუდად ვხდები. შერჩევაც ძალიან მიჭირს ჩემთვის სუნამოსი შესაბამისად. იმდენი სუნი ირევა ხოლმე ჰაერში, რომ აღარაფერი მომწონს და გარეთ გამოღწევის გარდა, არაფერი მინდა.

გიოც სუნით დავიმახსოვრე და შევიყვარე. დღემდე ვგიჟდები მის კისერში ცხვირის ჩაყოფასა და გაყურსვაზე.

ადამიანებს, ვინც არ მომწონს სუნი არ აქვთ. აი ასე, არ აქვთ უბრალოდ. სუნამოები, ჰიგიენური სუნები და ა.შ. არ იგულისხმება. საკუთარი, დამახასიათებელი სუნი არ აქვთ.:/

რისი თქმა მსურდა?
არც არაფრის. წვიმის სუნი დგას ქალაქში და გამახსენდა.🙂

 

 

 

უსაქმურობასა და ვარჯიშზედ

ხანდახან არის დღეები, როცა უბრალოდ გინდა, რომ იწვე და არაფერი აკეთო. უბრალოდ უყურო ჭერს ან ყოვლად უშინაარსო ფილმებს ან სერიალებს. ახლა სწორედ ეგ დღეებია. ახლაც, ამ პოსტის წერისას ფონზე კიდევ ერთი უშინაარსობაა ჩართული, მე ვუსმენ.

ყველაჯერ ავდექი არეული სახლის დასალაგებლად და ყველაჯერ უფრო მეტად ავურიე. ყველაჯერ დავიწყე გასაკეთებელი საქმეების შესრულება და ყველაჯერ მივატოვე.

რამდენჯერმე წამოვდექი სავარჯიშოდ ან სასეირნოდ გასასვლელად და ყველაჯერ უკან დავბრუნდი. ვარჯიშის ხსენებაზე: ხანდახან ვამჩნევ, რომ ადამიანები, ვინც ვარჯიშს იწყებენ, ბოლოს ამით შეპყრობილები ხდებიან. ნებისმიერ თავისუფალ წუთს სარბენად გარბიან გარეთ ან დარბაზში. მეც მასე დამემართება ნეტავ? წაგიკითხავთ წიგნი Me before you? იქ არის მთავარი პერსონაჟის შეყვარებული, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, მერე ვარჯიში დაიწყო და ბოლოს მხოლოდ ამ თემაზე შეეძლო სხვა ადამიანებთან კონტაქტი. საუბრობდა მხოლოდ დიეტასა და ვარჯიშზე, შეყვარებულთან კონტაქტისთვის დრო არ ჰქონდა, რადგან მუდმივად დარბოდა და ა.შ. მგონი, ზედმეტი არაფერი ვარგა. ჯანსაღი ცხოვრებაც კი😀

როდის ან როგორ გადადის ჰობი დამოკიდებულებაში?

running-quotes

 

Minimalistic-Wallpaper-22

ამბებზედ

უცნაური ძილის რეჟიმი მაქვს. უფრო სწორად, უცნაურად ყალიბდება ხოლმე და ძალიან მარტივად. თუ დილით ერთხელ რამემ გამაღვიძა, მერე ყოველ დილით იმავე დროს მეღვიძება უმიზეზოდ. სანამ რამე ახალს არ მივეჩვევი. ჰოდა ახლა დილით 6:30-ზე ვიღვიძებ უმიზეზოდ და ვუყურებ ჭერს. მერე მობილურის ეკრანს. მერე ისევ ვიძინებ და 8-ზე სამსახურისთვის ვიღვიძებ. უაზრობაა სრული.

Minimalistic-Wallpaper-22ახალი სამსახური შემომთავაზეს. არადა, არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. უცნაურია მგონი ცოტა: საქართველოში თითქმის ყოველთვის ვეძებდი ახალ და საინტერესო საქმეებს, ახლა რატომღაც მინდა რომ უბრალოდ ვიყო იქ, სადაც ვარ. არა, ისე ნუ გაიგებთ, რომ ქართულ კომპანიებში არ მომწონდა მუშაობა და ახლის ძებნას ვიწყებდი, არა, უბრალოდ ინტერესი მაინც მქონდა ახლის. ან დამატებითი საქმის აღების. ამჟამად კი უბრალოდ არ მაინტერესებს. თუმცა, შეხვედრაზე უარი მაინც არ ვუთხარი, ძალიან მონდომებული ჩანდა ეს კაცი :)) ჰოდა, აი ასე ვხვდები დღეს (დიდი ალბათობით, გაცილებით) კარგ ოფერს, მაგრამ სურვილი მაინც არ მაქვს.

მგონი ესტონური ზაფხული ისე ჩაივლის, ტალინის პლიაჟზე ბიკინით წამოგორება არ მეღირსება. Read More »

ზიზღი

ჩემს დღევანდელ სამსახურში, ბოლო გადამწყვეტ გასაუბრებაზე ყველაფერი გამომკითხეს ჩემ შესახებ. რა მომწონს? როგორ მუსიკას ვუსმენ? ჰობი? რატომ მიყვარს ფენტეზი ან ჰარი პოტერი? როგორი ვარ გაბრაზებული? როდის დავწერე ბლოგზე ბოლო პოსტი? და ა.შ.

ყველა კითხვაზე გულწრფელად და ამომწურავად ვუპასუხე. გაბრაზებაზე შევჩერდი ერთადერთი და ბოლოს მოკლე პასუხი გავეცი. მარტივი, უბრალო ბრაზის დროს როგორიც ვარ, ის მოვუყევი. რომ რამდენიმე წუთი მჭირდება ჩასასუნთქ-ამოსასუნთქად და შესაბამისი ადეკვატური ქცევის მოსაფიქრებლად😀

მაგრამ წეღან Facebook-ის ფიდმა გამახსენა, რომ როცა ძალიან, ძალიან მაბრაზებენ  პირადად მე ან ჩემს რომელოიმე მეგობარს უშავებენ რამეს, გაბრაზების რამდენიმე ეტაპი მემართება. პირველად კივილი და ირგვლივ ყველაფრის მსხვრევა მინდა, დამნაშავისთვის კი რამის დაშავება და თავზე რამის გადამტვრევა. ამ ეტაპის მერე მოდის გულგრილობა, როცა იგნორირება მსურს მხოლოდ და არანაირი კონტაქტი. ბოლოს კი ყველაფერს ზიზღი ცვლის. აუტანელი საშინელი ზიზღის გრძნობა. დაახლოებით ისეთი, რამე ლორწოვან, საზიზღარ მატლს რომ უყურებ და გული გერევა. და თან გეცოდება იმისთვის, რომ ასეთია.

ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე მივედი ამ ბოლო ეტაპამდე. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელსაც image2.pngსაშინელი მახსოვრობა აქვს და ფაქტობრივად უნდა გაახსენო, რომ რამე დააშავე, არსებობენ ადამიანები, რომელთა დანახვაზეც დღემდე საშინელი ზიზღის გრძნობა მიჩნდება. აი, უბრალოდ გული მერევა თითოეული მათგანის დანახვაზე და თან მეცოდება, რომ ისეთია, როგორიც არის და ვერასდროს შეიცვლება. ყოველთვის საზიზღარი, ლორწოვანი მატლის მსგავსი არსება იქნება.

ალბათ გამივლის ოდესმე ეს ზიზღის გრძნობა. და ყველაჯერზე მათ დანახვაზე ან რაიმე გადაკვეთაზე მოფუთფუთე მატლები არ გამახსენდება.

ფუ

 

img_0566

რაღაც

Everything you see is a part of your imagination 

წამის წინ მთელი პოსტის დედააზრი რომ ჩამოიყალიბე თავში, მაგრამ უცებ ჩართული თრექის გამო თავიდან რომ ამოგივარდა, ეგ არის კარგი მუსიკა. 

ყოველ დილით ერთსა და იმავე გზას გავდივარ სამსახურამდე. ვდგები 8 საათზე, ან ცოტა უფრო გვიან, ვემზადები და ვცდილობ 8:40-ზე გაჩერებაზე ვიყო. გაჩერებამდე გზაში ყოველ დილით მხვდება ახალგაზრდა გოგო,რომელიც პატარა ყვითელ წიწილას მიაწიალებს ბაღისკენ, რომელიც ზუსტად ჩემი სახლის უკან მდებარეობს. გაჩერებაზე ყოველთვის დგას წითელთმიანი გოგო, (თუ არ დგას, ე.ი. დამაგვიანდა🙂 ) ავტობუსშიც ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი მხვდება. გრძელთმიან ბიჭს, რომელიც ყოველთვის სქელტანიან წიგნებს კითხულობს ინგლისურად, მუდმივად ტყავის ქურთუკი და ბათინკები აცვია, სიცხის მიუხედავადაც. სათვალიანი და შორტებიანი ბიჭი, უხერხულად რომ უდევს ხელები მუხლებზე და ლამაზტანსაცმლიანი, ქერა ქალბატონი. ყოველთვის გემოვნებით უხამებს კაბას ფეხსაცმელს. რამდენი ფეხსაცმელი აქვს, უკვე სათვალავი ამერია. 

უკვე ზეპირად ვიცი, რომელი რომელ გაჩერებაზე ჩავა. მხოლოდ კითხვის მოყვარული ბიჭი მოდის ჩემს გაჩერებამდე. ჩამოდის, ყავისფერ სიგარეტს იღებს, დიიიდ ხანს ეწევა და ნელა მომყვება ხოლმე უკან. 

უკანა გზაზეც ერთად ვმგზავრობთ. თუ არ ვმგზავრობთ, ე.ი. საღამოს სახლის ნაცვლად სეირნობა გადაწყვიტეს.

მე არაფერი ვიცი ამ ხალხზე. სახელებიც კი. იშვიათად საუბრობენ ტელეფონზე ან სხვა მგზავრთან. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ვერ გავიგებდი. 

მე არაფერი ვიცი ამ ხალხზე, მაგრამ ყოველ ჯერზე შემიძლია მშვიდად მოვუყვე საკუთარ თავს მათი ისტორიები. 

რა დროს ესაა, ბარგი მაქვს ჩასალაგებელი. ხვალ სხვა ავტობუსით უნდა ვიმგზავრო 🙂😊 

ჰიფსტერულად

ჰიფსტერებით სავსე ახალი ქართული სარეკლამო/ბრენდინგ/კრეატივ/დიჯითალ მარკეტინგ კომპანიები😀

Read More »

ახალ ამბებზე

ახალი ბლოგის დაწყების გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, რომელზეც საკუთარ თავს და თქვენ უნდა გამცნოთ. მაგალითად: ახალი სამსახური მაქვს, სადაც სულ მალე გავალ და მომიწევს მთელი დღის განმავლობაში არა გიოს, არამედ უცხო ადამიანებს ვეკონტაქტო. დიიიდი ცვლილებაა😀

ეგეც რომ არ იყოს, თითქმის 1 წელია full time work არ მქონია და ახლა ცოტა შეშინებული ვარ, რომ გამიჭირდეს შეგუება? -_- თან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ (ესტონეთში) ჯერ არ მიმუშავია და რომ არ მომეწონოს? I mean, ესტონელებთან მუშაობა :D იმედია, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. არადა, გასაუბრებაზე ისიც კი მკითხეს, გაბრაზებულს როგორი ხასიათი გაქვსო😀 იმედია, ამ ცივსისხლიან ესტონელებს არასდროს მოუწევთ ნახონ, როგორი ვარ გაბრაზებული😀

უკვე 7 თვეა ტალინში ვცხოვრობ და აქაურ ცივ ჰავას და ადამიანებს ასე თუ ისე შევეგუე. ენის შესწავლაც კი დავიწყე, მაგრამ მერე 1 თვიანი მოგზაურობა დაემთხვა და ვერ მივედი მთლად ბოლომდე. უცნაური ენაა, უფრო სწორად: უცნაური კი არა, განსხვავებული. არ ჰგავს ჩემთვის ნაცნობ არცერთ ენას და ამიტომ მერთულა თავიდან. ყველა სიტყვა უცხოა და ყველას დამახსოვრება მიწევდა. ხომ შეიძლება 1 მაინც ჰქონდეთ რამე საიდანმე მოთრეული? არა! (ჰო, კარგი, რამდენიმე გერმანული სიტყვა აქვთ ენაში შემოჭრილი. დიდი შეღავათი, გერმანული არ ვიცი). ფინურს ჰგავსო, ამბობენ. არც ეგ მეხმარება არაფერში, არც ფინური ვიცი😀

ჰავაზე: წეღან დეიდაჩემს ველაპარაკებოდი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს. ჰოდა, მეუბნება: აცივდა, გათბობა ჩავრთე დღეს ისევო. თან გამოაცხადეს, რომ შაბათ-კვირას კიდევ უფრო აცივდებაო, 10°-ზე ჩამოვა ტემპერატურაო😀 გამეცინა და ვკითხე, ახლა რამდენია ტემპერატურა, რომ შეგცივდა -მეთქი და 17° იყო დღესო😀😀😀 ტალინში 1°; 0° ან -2°-ია და გვიხარია, რომ დათბა😀 მზე ჩანდა ხშირად და მეთქი, გვეშველა, გაზაფხული მოდის, თოვლი დადნება. მეტი არაა ჩემი მტერი – წუხელ მოთოვა😀

ძალიან გადავერთე გზაშიზე. მსიამოვნებს პოსტების მოფიქრებაც, წერაც, რედაქტირებაც, ფბ ფეიჯის და ინსტაგრამის მართვაც. ჯერ ძალიან ცოტა მკითხველი გვყავს, მაგრამ ენთუზიაზმი არ მაკლია😀

5.png

ჩემს მოგზაურობაზეც მინდა მოგიყვეთ: ბერლინი, რომი, ბელგია შემოვირბინეთ. მერე თბილისში წავედი და იქ გავატარე თითქმის ორი კვირა, მაგრამ ამ ყველაფერს ალბათ უკვე მხოლოდ ახალ ბლოგზე დავწერ😀

არაფერზე

ჩვენი საძინებლის ფანჯრები საბავშვო ბაღის ეზოს უყურებს. დღისით პატარები გარეთ გამოჰყავთ და ერთობიან თავისთვის. თამაშობენ რაღაც თამაშებს, წრეზე დარბიან, ბურთს აწვდიან ერთმანეთს და ა.შ. ძალიან სასაცილოები არიან. ქერები, პატარები, ფერად-ფერად ქურთუკებსა და შარფებში შეფუთულები.

ავტობუსში ან ტროლეიბუსში ხშირად გვხვდებიან ჯგუფ-ჯგუფად ბავშვები. აუცილებლად სპეციალური ფორმები აცვიათ, სტაფილოსფერი ან ფოსფორისფერი. აი ისეთი, ჩვენთან მეეზოვეებს რომ აცვიათ ხოლმე. ჰოდა, ეს ფერები კიდევ უფრო აყვითლებს ამ ისედაც ქერა ბავშვებს. ამოდიან ავტობუსში ორ-ორად დაწყობილები, ხელჩაკიდებულები. ამოდიან, სხდებიან და ჟივჟივს იწყებენ. ამათი ენა ისედაც ბეღურა ჩიტების ჟივჟივივით ჩამესმის და ეს პატარა ყვითელი წიწილები რომ ლაპარაკობენ ხომ საერთოდ. სხვა სიტყვას ვერ შევუსაბამებ: ჟივჟივებენ :)))

ისეთი საყვარლები და სასაცილოები არიან გზაზე გადასვლას რომ ასწავლიან, დაკვირვებისგან დაძაბული სახეებით, ერთმანეთს ჩაჭიდებულები, ორ-ორად დაწყობილები, ყვითლები,  მოჟივჟივე წიწილები.

ძალიან ვნანობ, რომ ფერად ხეებს ბევრი ფოტო არ გადავუღე. ახლა უკვე დასცვივდათ ლამაზი ფოთლები, გატიტვლდნენ, ცოტა აიბუზნენ და გოროზად იყურებიან. არადა, ორიოდე კვირის წინ ისეთი ფერებით იყვნენ შემოსილები, კარნავალზე მეგონა თავი.

თავისუფლების მოედანზე ეკლესიაა. არ ვიცი კათოლიკურია თუ მართლმადიდებლური, არ შევსულვარ. თუმცა, აქაურ პანაშვიდ-გამოსვენებას უკვე ორჯერ შევესწარი. იდგნენ მოხუცები, მხრებაწურულები, მუქ ფერებში ჩაცმულები, ფოთოლგაცვენილი ხეებივით, დამწუხრებული სახეებით. მე კი მრცხვენოდა, რომ ფერადი ხეები მიხაროდა იმ წუთს. ვიღაც გლოვობდა, მე კი მიხაროდა.

D:DCIM100DICAMDSCI3734.JPG

სიკვდილთან ყოველი შეჯახება მტკივნეულია. უფრო მტკივნეულია, როცა შენ კარგავ ვინმეს. ვინმეს, ვისთვისაც ვერ მოასწარი გეთქვა როგორი კარგი იყო, როგორ გსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა. ახლა უკვე გვიანია ბოდიშის მოხდა ნათქვამი თუ არ ნათქვამი სიტყვების გამო. ბოდიში შეწყვეტილი საუბრების და ბოლომდე არ მოსმენილი აზრების გამო. ბოდიში ნაჩქარევი და არასწორი საქციელების გამო. ბოდიში შეუსრულებელი პირობების გამო.
გვიანია.

ყოველი ასეთი მტკივნეული შეჯახების მერე ხვდები რა ძვირფასია ის თითოეული ადამიანი, ვისთანაც ყოველდღე გაქვს ურთიერთობა. ან არ გაქვს. ისინი, ვისაც იცნობ. ან არ იცნობ. ვინც უბრალოდ გაიგე, რომ უცხოვრებლად, მოხუცებულიბას მიუღწევლად გამოემშვიდობა სიცოცხლეს.

ბრიუგე

მოგზაურობაზედ

Little boy with a map on the street

რომელიღაც პოსტში მეწერა, დროს მოგზაურობიდან მოგზაურობამდე ვითვლი-მეთქი. ახლაც ასეა. აგერ უკვე 2 თვეზე მეტია ახალ ქალაქში არ ვყოფილვარ. ვილნიუსი და ტალინი ბოლო უცხო წერტილებია, რომელიც ჩემთვის ჩუმად დავსვი უზარმაზარ რუკაზე. შემდეგი გაჩერება: სტოკჰოლმი!

ამ ბოლო 2 თვის მანძილზე ყოველ ოთხშაბათს ვგეგმავთ ჰელსინკში წასვლას და ვერცერთხელ ვერ გავაღწიეთ😀 ხან სამეცადინო აქვს გიოს, ხან გვეზარება დილის 7-ზე ადგომა, ხან რა და ხან რა, მოკლედ😀 თუმცა, სტოკჰოლმის ბილეთები უკვე შეძენილია და 14-ში გემით მივემგზავრებით ^_^ (მე კი  ჯერ ისიც არ დამიგუგლავს, რა უნდა დავათვალიეროთ -_- ) ასე რომ, ახლა სტოკჰოლმს ველოდები, შემდეგ კი იანვრის დიდ მოგზაურობამდე დავიწყებ დროის ათვლას ^_^

იანვრის გეგმაც შევადგინეთ, ავიაბილეთებიც შევიძინეთ. გზა ასეთია:
ტალინი > რიგა > ბერლინი > რომი > ბრიუსელი > ბრიუგე > ტალინი

არცერთ ამ ქვეყანაში ნამყოფი არ ვარ (რიგა რომ გავიარე ღამით მძინარემ, არ ითვლება😀 ), ჰოდა ახლა უნდა მოვივოდიალო. მართალია, ეციება, მაგრამ ესტონური სიცივის მერე არამგონია გერმანულმა შემაშინოს😀

დრო ცოტაა, სანახავი ბევრი!

ის ულამაზესი შადრევანიც აღადგინეს რომში❤

გაიგეს ალბათ, ჩასვლას რომ ვაპირებ და ძალიან რომ მიყვარს მსგავსი რამეები😀 აქვე, ყველაფერი ის, რაც უნდა ვნახო❤
საკუთარი თავის მშურს ^_^

This slideshow requires JavaScript.